ევროპისა და კანადის უფროსი პარლამენტარების ერთობლივი განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებზე

ოქტომბერი 29, 2024
ევროპისა და კანადის უფროსი პარლამენტარების ერთობლივი განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებზე

27 ოქტომბერს, უფროსი პარლამენტარები ევროპიდან და კანადიდან ავრცელებენ საერთო განცხადებას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არჩევნების შედეგების აღიარება არ შეიძლება, სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, და მიუთითებენ დაშინებაზე, მუქარასა და გაყალბებაზე.

პარლამენტარები გამოხატავენ შეშფოთებას „ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის“ საფრთხის გამო და მოითხოვენ „პერსონალურ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უსამართლო საარჩევნო გავლენაზე, დაშინებასა და მუქარაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.“

სრული განცხადება (არაოფიციალური თარგმანი):

“ჩვენი სოლიდარობა ეკუთვნის ქართველებს – ევროპელებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, იბრძვიან თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. ჩვენ კვლავ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს გაერთიანებული ევროპის გულში.

მაგრამ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური კლიმატი შეუთავსებელი იყო ევროპულ სამართლიანობის სტანდარტებთან. კანდიდატების წინააღდეგ ხორციელდებოდა დაშინება და მუქარა, ბოროტად იყო გამოყენებული სახელმწიფო ძალაუფლება, ხმები იყიდებოდა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები ნათლად ადასტურებს ამას. შესაბამისად, არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა საფუძვლიან გაყალბებას, დაშინებითა და მოსყიდვით.

ქვეყანა უფრო მეტად გაყოფილია, ვიდრე ვშიშობდით, ქალაქსა და სოფელს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობებს შორის.

ეს არჩევნები იყო არჩევანი ევროპასა და იზოლაციას, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს, თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. ცხადია, საარჩევნო კამპანიის დროს საკმარისად ნათელი არ გახდა, რომ მმართველ პარტიასთან და მის პოლიტიკასთან ევროკავშირთან დაახლოების გაგრძელება შეუძლებელია. ქართული ოცნების პოლიტიკა უბრალოდ შეუთავსებელია ევროკავშირთან. შეგნებულად მცდარი, შიშზე დაფუძნებული კამპანია, „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც თითქოსდა, მეორე უკრაინად აქცევდა საქართველოს, ფართოდ გავრცელდა. {მაგრამ} არსებობს მხოლოდ ერთი „გლობალური ომის პარტია“, უნდა დაარქვათ მას თავისი სახელი. მისი სახელია რუსეთი.

ამ ფონზე, ევროკავშირს არ შეუძლია აღიაროს შედეგი.

ჩვენ მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია უსამართლო საარჩევნო გავლენაზე, დაშინებასა და მუქარაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ამ უზარმაზარი იმედგაცრუების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ევროპული ღირებულებების მქონე საზოგადოება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კიდეც სამოქალაქო საზოგადოების დიალოგი. ჩვენ ვეწინააღმდეგებით კოლექტიურ დასჯას, როგორიცაა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება ამ დროისთვის. თუმცა, ჩვენ გვეშინია განათლებული, ევროპული ღირებულებების მქონე ახალგაზრდობის გადინების. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, ევროკავშირის კარები თქვენთვის ღიაა, ეს ტრაგედია იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის.

ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ქვეყნის “ბელარუსიფიკაციით”. თუ მმართველი პარტია და მისი ლიდერი თავიანთ განცხადებებს ქმედებებით გააგრძელებენ, არსებობს ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნისა და აკრძალვის საფრთხე. ევროკავშირმა ნათლად უნდა განუცხადოს მმართველ პარტიას, რომ ის ამას არ მიიღებს და ამ შემთხვევაში ურთიერთობების სრული შეწყვეტა მოჰყვება.

ჩვენ განვაგრძობთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის გაერთიანების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, და საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისა და უზრუნველყოფის საქმეში.

ხელმომწერებს შორის არიან უფროსი პარლამენტარები შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია, ლიეტუვა, ირლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, იტალია, უკრაინა, ლატვია, კანადა.