გენდერული კვოტის გაუქმება

დეკემბერი 12, 2024
გენდერული კვოტის გაუქმება

2024 წლის აპრილში საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტის გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ არ წარმოუდგენიათ გენდერული კვოტირების გაუქმების საჭიროების ლეგიტიმური, კვლევაზე დაფუძნებული არგუმენტები. განხილვებმა ნათლად წარმოაჩინა ის მტრული, სექსისტური და დისკრიმინაციული გარემო, რომელშიც ქალებს უწევთ საჯარო სივრცეებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. მეათე მოწვევის პარლამენტში პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ძალადობამ და დისკრიმინაციამ სისტემური ხასიათი მიიღო. საქართველოს პარლამენტი იქცა ადგილად, სადაც ქალთა მიმართ სიძულვილი და დისკრიმინაცია კომუნიკაციის მიღებული ფორმა იყო. ხოლო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო და ეთიკის საბჭოების მუშაობა – არაეფექტური.

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით მმართველმა პარტიამ დაარღვია საქართველოს ამომრჩეველთა ნება. კვლევების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა 61% მხარს უჭერს პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ წარმომადგენლობას (NDI, 2023). საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქალთა თანაბარი წარმომადგენლობა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე (UNDP, UNFPA, 2020). გარდა ამისა, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ რაც მეტი ქალი იქნება საქართველოს პარლამენტში, მით მეტი გავლენა ექნებათ მათ პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საჯარო პოლიტიკაზე. საქართველოს მოსახლეობის 63%-ს კი, სჯერა, რომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ზრდა ქვეყანას სარგებელს მოუტანს (CRRC, UN WOMEN, 2024).

ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში გატარებულ რეფორმასთან და არსებითი თანასწორობის პრინციპის განსაზღვრასთან, რომელიც ადგენს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს განსაკუთრებული ზომები კაცების და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ასევე, ევროპული პერსპექტივის ფარგლებში წარმოდგენილ რეკომენდაციებთან. კერძოდ: ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 პირობათაგან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. წინსვლის ნაცვლად (შესრულებული სამი რეკომენდაციიდან ერთი სწორედ გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებს ეხებოდა).

სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედება დადებითი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 2023 წლის თებერვალში, საარჩევნო კოდექსში სავალდებულო გენდერულ კვოტასთან დაკავშირებული ცვლილების შემდეგ, მისი გამოყენება პრაქტიკაში არ მომხდარა და არ შეფასებულა გენდერული კვოტის, როგორც დროებითი სპეციალური მექანიზმის ეფექტიანობა – რამდენად საკმარისი იყო მისი მოქმედების პერიოდი ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის. თუმცა 2024 წლის 4 აპრილს, სამოქალაქო სექტორსა და შესაბამის მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა ქალთა პოლიტიკაში და პარტიის შიდა დემოკრატიის ხელშემწყობი მექანიზმები.

ამავდროულად, საერთაშორისო ინსტიტუტების ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასებით, სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის ალტერნატიული ზომების გარეშე, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია და შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან.

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პოლიტიკური გაერთიანებების წარდგენილ სიებში 1,185 რეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 29%-ი იყო ქალი, რომლებიც არაგამსვლელ პოზიციებზე იყვნენ ნომინირებულნი, რაც წინა საპარლამენტო არჩევნების დროს წარდგენილ სიებში ქალ კანდიდატთა 44,3%-თან შედარებით მნიშვნელოვანი უკუსვლაა. 2020 წელს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 20%-ს შეადგენდა, 2024 წელს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი სიების გათვალისწინებით, ქალი დეპუტატების რაოდენობა შემცირდა. ქალთა წარმომადგენლობის შემცირება ძირს უთხრის ამ მიმართულებით ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს და კიდევ უფრო გვაშორებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის საჭირო კრიტიკულ მასას, რომელიც 30%-ით განისაზღვრება, ხოლო CEDAW-ს უახლესი რეკომენდაცია პარიტეტს უჭერს მხარს.

რაც შეეხება 2024 წლის არჩევნების შედეგის მიხედვით მანდატების გადანაწილებას და ქალთა მონაწილეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების მასიურად გაყალბებისა და განვითარებული კრიზისის ფონზე, ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციული სიები ჩახსნეს და მიმართეს პარლამენტს მანდატების გაუქმების თაობაზე.

ირმა პავლიაშვილი



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.