23 დეკემბერს, 13:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, თანამშრომლების ნაწილი გამართავს პრესკონფერენციას.
თანამშრომლების თქმით, მას შემდეგ რაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერებასთან დაკავშირებით, თანამშრომელთა ნაწილი „ღიად მოვუწოდებთ და ვთხოვთ არხის მენეჯმენტს, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ – პოლიტიკური მსჯელობისთვის.“
გავრცელებულ განცხადებაში, ასევე ვკითხულობთ:
„მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან.
მზად ვიყავით და ახლაც ვართ, რომ მენეჯმენტთან ერთად პროაქტიულად ვიმუშაოთ ამ სატელევიზიო ფორმატების და ეთერების შინაარსობრივი და ტექნიკური ორგანიზებისთვის.
ვიცით, რომ ნების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის ტექნიკურად უზრუნველყოფის საშუალება.
სამწუხაროდ, ჩვენს არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან. სატელევიზიო პირდაპირი ეთერის მოთხოვნაზე სიტყვიერი უარის შემდეგ გაგზავნილ ოფიციალურ წერილზეც გაურკვეველი პასუხი მივიღეთ.
ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ვიაზრებთ ჩვენს როლს და პროფესიულ ვალდებულებას ზოგადად და განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ რთულ დროს. გვჯერა, რომ პროცესის მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გაშუქება და გაანალიზება ჩვენი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ვალია.
მიგვაჩნია, რომ გვაქვს ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რომ ყოველი ჩვენი მომდევნო ნაბიჯი თუ გეგმა ამ პროცესში იყოს საჯარო.“