მაისი ნიუსი განაგრძობს საუბარს სასულიერო პირებთან. ამჯერად, ვესაუბრეთ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს. მან ისაუბრა მშვიდობის არსზე და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არის ჩართული საქართველოში არსებული ყველა მსხვილი კონფესიის წარმომადგენელი სასულიერ პირი, მიმდინარე პროტესტში.
,,ნამდვილი მშვიდობა არის არა უსამართლობასთან შეგუება, არამედ აქტიური ბრძოლა სამართლიანობისთვის. მშვიდობა მოიცავს თავისუფლებას, სამართლიანობასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებას საზოგადოებაში. ძალაუფლება – სისუსტის გამოხატულებაა, ხოლო ნამდვილი სიძლიერე სამართლიანობისთვის მშვიდობიან ბრძოლაში ვლინდება.“ – ამბობს რუსუდან გოცირიძე
1. რა არის თქვენი, როგორც სასულიერო პირის, მთავარი სათქმელი, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
“დღევანდელ დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული რელიგიების სასულიერო და საერო პირები გამოვედით იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს არ არის უბრალოდ თეორიული განცხადება და არც ჩაგრულთა მხრიდან მორიგი პროტესტი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ საშინელ ძალადობაზე, რომელსაც მიმართავს სახელმწიფო – ძალადობაზე, რომელიც მიმართულია ადამიანის ღირსების შელახვისკენ, თავისუფლების, იმედიანი მომავლისა და მშვიდობის იდეის ფეხქვეშ გათელვისკენ. მე, როგორც ღვთისმსახურს და პიროვნებას, მწამს, რომ რელიგია შეუძლებელია სხვა რამეს ემსახურებოდეს, თუ არა კაცთა შორის მშვიდობასა და სათნოებას. სწორედ ამიტომ ვდგავართ აქ – რომ სახელმწიფოს შევახსენოთ მათი მოვალეობა: ემსახურონ ახალგაზრდების მომავალს და არა აწამონ ისინი.
მსვლელობის მთავარი სათქმელია “მშვიდობა”. სახალხო დამცველის ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულთა უმრავლესობას ეტყობა ფიზიკური წამების კვალი. თქვენ, როგორც სასულიერო პირს, რა გაქვთ სათქმელი იმ ადამიანებისთვის, ვინც იძალადა დაკავებულებზე მშვიდობის სახელით?
მინდა სიტყვა “მშვიდობით” დავიწყო. ჩვენ წაგვართვეს ბევრი ძვირფასი სიტყვა – “იმედი”, “ოცნება”, თუმცა ჩვენ უკვე დავიბრუნეთ სიტყვა “სამშობლო” და დარწმუნებული ვარ, ასევე დავიბრუნებთ ისეთ ძვირფას სიტყვას, როგორიც არის “მშვიდობა”, რომელიც მათ აქციეს ლაჩრობისა და უსამართლობასთან შეგუების სინონიმად. მე, როგორც ღვთისმსახური, ახლა ვდგავარ შობის წინა დღეებში და უნდა ვიზეიმო – არც მეტი არც ნაკლები მშვიდობის პირველი თავადის დაბადების დღე. მე მათ სიტყვა “მშვიდობას” ვერ დავუთმობ. “შალომი”, რომელზეც ბიბლიაშია საუბარი, თავის თავში მოიცავს სამართლიანობას, თავისუფლებას, ჰარმონიულ ცხოვრებას მოყვასთან და სამყაროსთან. ეს მსვლელობა ზუსტად არის ნაწამები ადამიანებისათვის, რომლებიც აწამეს ეგრეთწოდებული ლაჩრული ,,მშვიდობის“ სახელით, ასე რომ ჩვენ ამ ხელისუფლებისგან დავიბრუნებთ სიტყვა მშვიდობასაც, იმედსაც და ჩვენი შვილების მომავალსაც.”
2. ისევ გთხოვთ მიმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მოძალადეებად გვევლინებიან. რას ეტყოდით მათ როგორც სასულიერო პირი, განსაკუთრებით ახლა, შობის წინა დღეებში?
“აღსარებას ჩაიბარებთ სასულიერო პირისაგან? მე, როგორც ღვთისმსახური, სიმართლე რომ გითხრათ, ამ წუთას, როდესაც ჩემი შვილები დგანან ამ ჯალათების პირისპირ, მათთან სასაუბროდ მზად არ ვარ. მათ მხოლოდ ერთს ვეტყოდი – თავად ყველაზე კარგად იციან, რომ არც რელიგიას იცავენ, არც სამშობლოს და არც არაფერ ძვირფასს. მე კიდევ შეიძლება რამეში ეჭვი შემეპაროს, იქნებ მათ რამე სხვა “წმინდა” განზრახვა ამოძრავებთ, მაგრამ მათ თვითონ უკეთ იციან. ისინი დგანან ძალის მხარეს, ძალას კი ყველაზე სუსტი ადამიანი ეფარება. ნამდვილად ძლიერი ადამიანი დგას ჩაგრულის მხარეს – ეს პატარა გოგო-ბიჭები ყველაზე ძლიერები არიან, უფრო ძლიერები, ვიდრე ყველაზე კუნთმაგარი, ნავარჯიშები შავნიღბიანები. ეს ხმელა გოგო-ბიჭები, რომლებიც სველები და გაწუწულები, დროშის აღმართვითა და საქართველოს ჰიმნის სიმღერით უდგანან წინ მანქანებს და რობოკოპებს – სწორედ ისინი არიან ნამდვილი ძალა. მე არ ვარ მზად მათთან სასაუბროდ, ვინც ამ ახალგაზრდებს სასტიკად უსწორდება. ერთადერთი, თუ კი ოდესმე ჩემი სიტყვა მათ მისწვდება, ვეტყოდი, რომ ,,ერთი წამი თავიანთ თავს აცადონ და მარტო დარჩნენ, გულში ჩაიხედონ – ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, თუ სად დგანან და რას ემსახურებიან.“
3. რა არის თქვენი, როგორც სასულიერო პირის, უმთავრესი გზავნილი დღევანდელ რთულ ვითარებაში?
“დღეს ჩვენ ვართ ისტორიული არჩევანის წინაშე – ან დავუშვებთ, რომ მშვიდობის სახელით გააგრძელონ ძალადობა და უსამართლობა, ან დავიცავთ ნამდვილ მშვიდობას, რომელიც თავისუფლებასა და ღირებულებებზეა დაფუძნებული. როგორც სასულიერო პირს, მე მწამს, რომ ღმერთი ყოველთვის დგას სამართლიანობის მხარეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრძოლა მშვიდობისთვის არის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სულიერი მოვალეობაც.
დღეს, როდესაც ვხედავ ამ ახალგაზრდებს ქუჩაში, ვხედავ მათ თვალებში იმედს და რწმენას უკეთესი მომავლის. ისინი არ იბრძვიან ძალადობით – ისინი იბრძვიან სიმღერით, ლოცვით, ღირებულებებით. ეს არის ნამდვილი ბრძოლა, სადაც იარაღი არის არა მუშტი, არამედ რწმენა უკეთესი მომავლის.
ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვდგავართ გზაჯვარედინზე. მშვიდობა არ არის მხოლოდ სიტყვა – ის არის მოქმედება, არჩევანი და პასუხისმგებლობა. როდესაც ვამბობთ, რომ გვინდა მშვიდობა, ეს ნიშნავს, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას – დავდგეთ სიმართლის მხარეს, დავიცვათ უსამართლოდ დაჩაგრულნი, ვიყოთ ხმა უხმოთათვის.
როგორც სასულიერო პირი და როგორც მოძღვარი, მე მწამს, რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა – არ დავუშვათ, რომ მშვიდობის სახელით გააგრძელონ ძალადობა, არ დავუშვათ, რომ სიყვარულის სახელით თესონ სიძულვილი. ნამდვილი მშვიდობა მოდის მხოლოდ სამართლიანობის გზით და ამ გზაზე სიარული მოითხოვს არა მხოლოდ სიმამაცეს, არამედ რწმენასაც – რწმენას იმისა, რომ სიკეთე საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს.”
რეპორტიორი: კოკა ჯახუტაშვილი
შენიშვნა: არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან მრავალი დარღვევის ამსახველი მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების შემდეგ, არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მოხსენებული იყო როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პარტია. 20 დეკემბერს, ეუთო/ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შეფასების შედეგად, სადაც საუბარია საარჩევნო კანონმდებლობისა და პრინციპების მძიმე და სისტემურ დარღვევებზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართული ოცნების“ შესახებ საუბრისას მიუთითებს „დე ფაქტო ხელისუფლებას.“ ამავდროულად, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა Human Rights Watch და Amnesty International საუბრობენ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე ძალადობისა და წამების ამსახველ ფაქტებზე: 29 ნოემბრიდან, 460-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია, საიდანაც დაახლოებით 300-ს აღენიშნება ძალადობის კვალი. მასობრივი პროტესტი დაიწყო 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე 2028 წლამდე.