საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: პროტესტი „არ გაჩერდება“

იანვარი 15, 2025
საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: პროტესტი „არ გაჩერდება“

15 იანვარს საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საზოგადოებას მიმართა და ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც უკავშირდება პარტია „ქართული ოცნების“ მიერ რეპრესიებს, ძალადობასა და შიშის დანერგვის ტალღას. პრეზიდენტის თქმით, ამგვარი ქმედებები ემსახურება პროტესტის შეჩერებას, რომელიც, როგორც თავად აღნიშნა, „არ გაჩერდება“.

„ფაქტია, ახალი წლების მერე დაიწყო ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო ახლა უკვე გადადის რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების თავისუფლება შეიზღუდოს. „ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც აშკარად ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს,“

ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად, რომელიც პრეზიდენტმა აღნიშნა, იყო აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტი, როდესაც საქართველოს დეპუტატები ძალადობის გამოყენებით თავს დაესხნენ მოქალაქეს: „ასეთი ქცევა მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იგი ასევე შეეხო გიორგი გახარიაზე ძალადობის ფაქტს: „არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება. არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, მცდელობა, რომ დააშინო მოქალაქეები. ეს არის მიუღებელი.“ – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა რომ ამ საკითხს საერთაშორისო პარტნიორებსაც შეატყობინებს.

განცხადების ბოლოს კი, სალომე ზურაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს მიმართა „მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს — საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ – ამ სიტყვებით დაასრულა პრეზიდენტმა თავისი გზავნილი.



ონლაინ მედია გამოცემა მაისი შეიქმნა ევროკავშირისა და ერიმის მხარდაჭერით. მედიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მაისს და შესაძლოა არ გამოხატავდეს მისი პარტნიორებისა და დონორების მოსაზრებებს.