სამოქალაქო საინიციატივო გაერთიანებები – „დაიცავი“ და „ერთი მოქალაქე – ერთი არჩევანი“ 6 ოქტომბერს, 17:00 კანცელარიასთან გამართავენ აქციას საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად. მათი თქმით, „მოქმედი საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად ზღუდავს დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობას არჩევნებში“ და მოითხოვენ „ევროპის ქვეყნებში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას, აშშ-ში რეგიონული საარჩევნო ცენტრების შექმნასა და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭირვალობის გაზრდას.”
„ჩვენი ორგანიზაციები გააგრძელებენ ბრძოლას, სანამ ყველა ქართველს არ ექნება თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა“ – „დაიცავი“-ს ხელმძღვანელი, კოკა ჯახუტაშვილი.
„საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის ჩახშობა არის არა მხოლოდ მათი უფლებების დარღვევა, არამედ საქართველოს დემოკრატიული მომავლის საფრთხეში ჩაგდება“ – „ერთი მოქალაქე ერთი არჩევანი“-ს წარმომადგენელი, ოთარ ზურაბიშვილი.
აქციის შესახებ გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ განჩინებით ძალაში დატოვა სამოქალაქო სასამართლოს 8 სექტემბრის განჩინება, რითაც, თავის მხრივ, სასამართლომ დააკმაყოფილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო-ს) შუამდგომლობა, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვის შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული სარჩელით „სამართლიანი არჩევნები“ მოითხოვდა ცესკოს თავმჯდომარის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს უარი ეთქვათ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით – რაც, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არღვევს მოქალაქეების საარჩევნო უფლებას.