ისრაელში საარჩევნო უბანი ამ დროისთვის, არ დაიხურება, გავრცელდა პეტიცია უბნის შენარჩუნების მოთხოვნით

ოქტომბერი 11, 2024
ისრაელში საარჩევნო უბანი ამ დროისთვის, არ დაიხურება, გავრცელდა პეტიცია უბნის შენარჩუნების მოთხოვნით

11 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) სხდომაზე გადაწყდა, რომ ისრაელში გახსნილი ერთადერთი საარჩევნო უბანი ამ დროისთვის არ გაუქმდება: „15 დღეა დარჩენილი არჩევნებამდე – დაველოდოთ კენჭისყრის დღეს – გაუქმება ყოველთვის შესაძლებელია, აღდგენა შეუძლებელი, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია კომისიამ გააგრძელოს საქმიანობა,“ – ახსენა გიორგი კალანდარიშვილმა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ახსენა იმ „გარემოებებისა და რისკების“ შესახებ, რაც აღწერილია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის 8 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში.

საკითხზე მსჯელობისას, კომისიის წევრმა – ანა კობახიძემ გააზიარა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია: „დავიწყე საკითხის შესწავლა ემიგრანტებთან, ვინც იქ ცხოვრობს და არა მხოლოდ მათთან (…) 2236 ამომრჩევლისთვის არ მგონია მიზანშეწონილი გავაუქმოთ უბანი (…) ინფორმაციის სახით მინდა ვთქვა, რომ ისრაელში თებერვალში ამ მდგომარეობაში სხვადასხვა საელჩოში ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნებიც.“ ანა კობახიძემ ასევე ისაუბრა განგაშის შემთხვევაში არსებული წესების შესახებ.

ერთი დღით ადრე გავრცელდა პეტიცია, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, არ გაუქმდეს საარჩევნო უბანი. პეტიცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცესკომ განაცხადა ისრაელში გახსნილი ერთადერთი საარჩევნო უბნის დახურვის შესაძლებლობაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სავარაუდო საფრთხეებთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილის საფუძველზე:

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს მოგვმართა, აქ არის ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილი არის ყველა ის გარემოება რომელიც შესაძლოა საყურადღებო იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უბნის შენარჩუნების ან გაუქმებასთან დაკავშირებით, რის შესახებ ჩვენ უახლოეს სხდომაზე გვექნება მსჯელობა და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“ განაცხადა 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

10 ოქტომბერს, გავრცელებულ პეტიციაში ვკითხულობთ: „ვინც ისრაელში ცხოვრობს, იცის, რომ არანაირი შეზღუდვა და საშიშროება არ არსებობს მათთვის, ვისაც საარჩევნო უბანზე მისვლა და ხმის მიცემა სურს. ისრელის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი ინსტრუქციები ამას ადასტრუებს. ქვეყნის ცენტრში, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს არ მოქმედებს არავითარი შეზღუდვა, 2000-მდე ადამიანს აქვს თავისუფლად შეკრების უფლება, საგანმანათლებლო და გასართობი დაწესებულებები ჩვეულებრივ მუშაობს.ვითხოვთ უმიზეზოდ და უსამართლოდ არ წაერთვას საქართვლოს ათასობით მოქალაქეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.“ პეტიციას, ამ დროისთვის 262 ადამიანი აწერს ხელს.