მედია ომბუდსმენი აქვეყნებს სამართლებრივ შეფასებას ტვ პირველის, ფორმულასა და მთავარი არხის დაჯარიმებაზე: „არ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის დაცინვას“

ოქტომბერი 16, 2024
მედია ომბუდსმენი აქვეყნებს სამართლებრივ შეფასებას ტვ პირველის, ფორმულასა და მთავარი არხის დაჯარიმებაზე: „არ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის დაცინვას“

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.“ – აცხადებენ ტვ პირველი, ტვ ფორმულა და მთავარი არხი. მედია ომბუდსმენმა გამოაქვეყნა სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხზე, რის მოკლე მიმოხილვასაც გთავაზობთ.

11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა სრულად გაიზიარა კომუნიკაციების კომისიის პოზიცია და თითოეულ კრიტიკულ მაუწყებელს – „ტელეკომპანია პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი არხი“ 5000 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის სახდელი დააკისრა ქართული ოცნების წინასაარჩევნო ვიდეო რგოლების განთავსებაზე უარის გამო.

ქართული ოცნების მიერ წარდგენილი ვიდეო რგოლები ასახავს დაბომბილი უკრაინული ქალაქების ამსახველ კადრებს (მაგალითად, იმავე შინაარსის ბანერებზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი – თბილისის სამების ტაძარი). ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები: ნომერი 4 – „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, ნომერი 5 – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, ნომერი 25 – „გახარია საქართველოსთვის“.

ორგანიზაცია „მედია ომბუდსმენის“ იურისტები იზიარებენ დაჯარიმებული ტელევიზიის პოზიციას და აფასებენ აღნიშნულ ვიდეო რგოლებსა და ბანერებზე განთავსებულ მასალას როგორც ომის არაპირდაპირ პროპაგანდას და ამომრჩევლის დაშინების მცდელობას (რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტს) და განმარტავენ, რომ ქართული ოცნების აღნიშნული რეკლამის „შინაარსი შესაძლოა არაპირდაპირი პროპაგანდა აღმოჩნდეს, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფუძვლების გამართლებისას, ისე რუსეთის მიერ საქართველოს ორი მნიშვნელოვანი ნაწილის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შეფასებისას.“

მედიაომბუდსმენის იურისტები განმარტავენ, რომ კომუნიკაციის კომისიის მიდგომა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაუწყებლობის შესახებ კანონს, საარჩევნო კოდექსს, რეკლამის შესახებ კანონს და კომუნიკაციის კომისიის მიერვე შემუშავებულ გზამკვლევს: „მაუწყებელმა ნებისმიერი რეკლამის გავრცელებამდე უნდა შეაფასოს მისი შესაბამისობა კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებთან და პრინციპებთან, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ საარჩევნო სუბიექტის დამზადებული და მაუწყებლისათვის წარდგენილი რეკლამა კანონშეუსაბამოა, მაუწყებელმა იგი ეთერში არ უნდა განათავსოს.“

მედია ომბუდსმენის იურისტები ასევე ახსენებენ, რომ ტელეკომპანიებმა მიმართეს როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, და მოითხოვეს დაჩქარებულ ვადებში, წარმოდგენილი პოლიტიკური რეკლამის კანონიერების შეფასება – თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააჭიანურა წარმოება, ხოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ დაელოდა ცესკოს გადაწყვეტილებას, რითაც დაარღვია ვალდებულება, შეისწავლოს საქმის გარემოებები სრულყოფილად და მხოლოდ დეტალური მოკვლევის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ასევე, უარი განაცხადა რეკლამის კანონიერების შეფასებაზე, მისივე წინა პრაქტიკის საპირისპიროდ.

მედია ომბუდსმენის განცხადებით, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოთხოვნის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებების თანხვედრა, საკანონმდებლო მოთხოვნების საპირისპიროდ, მიუთითებს კოორდინირებულ მოქმედებაზე „კრიტიკული მედიის დასასჯელად.“

ამავე საკითხზე, იხილეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით.