„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ინფორმაცია სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულზე

ოქტომბერი 15, 2024
„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: ინფორმაცია სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულზე

„მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას,“ რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს (არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა) – ვკითხულობთ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (შემდგომ „სამართლიანი არჩევნები”, ISFED) განცხადებაში. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი არსებობს ზემოთ აღწერილი გარემოება.

განცხადებაში ასევე მითითებულია სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებზე და აღწერილია, რომ მართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებს, მათი ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას. ორგანიზაციის შეფასებით, ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ითვალისწინებს როგორც ამომრჩევლის მომსყიდველი პირის, ისე მოსყიდული ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება ამომრჩეველი თუ იგი ამ ფაქტის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს შესაბამის ორგანოს.

ორგანიზაცია ასევე აღწერს, რომ მათი ინფორმაციით, სხვადასხვა დაწესებულებაში, ხელმძღვანელები თანამშრომლებს ავალებენ მმართველი პარტიისთვის სავარაუდო მხარდამჭერთა სიების შედგენას და გადაცემას, რაც ასევე უკანონოა. ორგანიზაცია „მოუწოდებს საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს, თავი შეიკავონ უკანონო დავალებების მიცემისგან. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლებს უფლება აქვთ, არ შეასრულონ მიღებული უკანონო დავალება, რაც უშუალოდ არ გამომდინარეობს სამსახურეობრივი ფუნქციიდან.“

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხებით ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა. ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს მთელი ქვეეყნის მასშტაბით და პერიოდულად აქვეყნებს წინასაარჩევნო დაკვირვების შედეგებს.