არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩხრეკა რუსული დეზინფორმაციის კვლევის ავტორების ბინებში

ოქტომბერი 24, 2024
არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩხრეკა რუსული დეზინფორმაციის კვლევის ავტორების ბინებში

დღეს დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო ამერიკული ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ თანაშრომლების – სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხირკა. საბჭოს ორივე წევრი საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას იკვლევს. ადვოკატის თქმით, გამოძიება საშუამავლო კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს, სადაც გელავას და ბუზიაშვილს ე.წ. “ეიჩარ” (ადამიანური რესურსის მართვასთან დაკავშირებულ) მომსახურებას უწევდნენ.

“ეს არის კონტრაქტორი კომპანია “ევროფასტი”. თუმცა, რა კითხვები აქვს მათთან გამოძიებას, არ ვიცი. წაღებულია ჩემი ტელეფონი, სამუშაო ლეპტოპი”, – გვითხრა სოფო გელავამ, რომელიც საქმეზე მოწმის სტატუსით უნდა გამოიკითხოს.

ორივე ბინიდან გამომძიებლებმა ლეპტოპები და ყველა სახის ტექნიკური აღჭურვილობა ამოიღეს. ადვოკატის თქმით, სასამართლო განჩინებაში ნახსენებია ევროპული კომპანია “ევროფასტი”, რომელიც ერთგვარი შუამავალი კომპანიაა “ატლანტიკ საბჭოსა” და მის ქართველ თანამშრომლებს შორის. გამოძიება გადასახადებისთვის თავის არიდების, უკანონო შემოსავლების და თაღლითობის მუხლებით მიმდინარეობს.

“ევროფასტი უწევს ეიჩარ მომსახურებას, თანამშრომლებს კომუნიკაცია აქვთ ეიჩარ კომპანიასთან, რომ დროულად შეასრულონ სამუშაოები და ა.შ. ეთო ბუზიაშვილის ჯერ ხელშეკრულებაც არ ჰქონდა გაფორმებული”, – გვითხრა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარებული ჩხრეკა საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლების ბინებში, მათ საქმიანობას უკავშირდებოდეს. ორივე მკვლევარი ბოლო პერიოდში საქართველოში რუსულ დეზინფორმაციას სწავლობდნენ და ჩხრეკამდე ერთი დღით ადრე ორგანიზაციამ მათ კვლევაზე დაყრდნობით ანგარიშიც გამოაქვეყნა. კვლევის შედეგები მწვავე და მასში წერია, რომ რუსეთი პირდაპირ და ირიბად ერევა მომავალ არჩევნებში.

კვლევის გამოქვეყნების პარალელურად, ანგარიშის ავტორი ეთო ბუზიაშვილი გუშინ NATO-მ საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ მებრძოლ 20 ქალს შორის დააასახელა.

„არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომ პოლიტიკოსის, დასავლური ინსტიტუციების თანამშრომლის სახლში ამგვარი სპეცოპერაცია, რომ ხდება, ცხადია, ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა, ხელისუფლება ცდილობს დაანახოს ძალა მის მოწინააღმდეგეს და მომხრეებს. თანაც ეს ყველაფერი შეიძლება მეორე დიდი გეგმის ნაწილი იყოს, რაც მიზნად ისახავს დასავლური ინსტიტუციებისთვის ზიანის მიყენებას და საქართველოს კიდევ უფრო დაშორებას ევროპისგან“. – დასძინა ადვოკატმა.

„მაისი ნიუსთან“ საუბარში სოფო გელავას მეუღლე, პარტია „ფედერალისტების“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ ჩხრეკა ასევე ჩატარდა იმ პირებთანაც, ვინც დაკავშირებულია კონტრაქტორ კომპანიასთან, ვისთანაც მისი მეუღლე, სოფო გელავა თანამშრომლობდა.
„დილის რვა საათზე მომადგნენ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მითხრეს ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. ჩემი და მეუღლის, ასევე, ჩემი არასრულწლოვანი შვილის ტექნიკაა წაღებული. სასამართლოს განჩინების მიხედვით, ყველა იმ პირის ოჯახში მიმდინარეობს ჩხრეკა, ვინც ამ კოტრაქტორ კომპანიასთანაა. „ატლანტიკ საბჭოს“ აქ ორი თანამშრომელი ჰყავს, სოფო და ეთო, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ. სოფო 3 წელია რაც ამ კომპანიაში მუშაობს. ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, როგორც ეს საგამოძიებომ თქვა”, – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

დღესვე ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა ვაკე პლაზის შენობაში განთავსებულ საბროკერო კომპანია Concentrix-შიც. თუმცა, არსებობს თუ არა რაიმე სახის კავშირი ამ ორ კომპანიას შორის, ამასთან დაკავშირებით “მაისი ნიუსი” ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა, არ დაგვიკონკრეტეს.

დღის ბოლოს უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამ სავარაუდო ე. წ. “ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა. რაც შეეხება “ატლანტიკ საბჭოს” წევრების ჩხრეკას, ამასთან დაკავშირებით უწყებაში არაფერს ამბობენ.

სალომე გოგოხია