“ჩემი ხმა” – სადამკვირვებლო კოალიცია აფასებს უბნების გახსნისა და კენჭისყრის დაწყების პროცესს

ოქტომბერი 26, 2024
“ჩემი ხმა” – სადამკვირვებლო კოალიცია აფასებს უბნების გახსნისა და კენჭისყრის დაწყების პროცესს

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200 მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ცესკოში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.

წარმოგიდგენთ დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება დამკვირვებლებისგან მიღებულ ინფორმაციას უბნების გახსნის და კენჭისყრის დაწყების თაობაზე.

“ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დილის 9:00 საათისთვის საქართველოში გახსნილი 988 უბნიდან:
● 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით;
● 36 საარჩევნო უბანზე გახსნის პროცესზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ;
● 13 უბანზე დაიწერა საჩივრები, ხოლო 17 უბანზე გაკეთდა შენიშვნა უბნის ჩანაწერთა წიგნში.

საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც კოალიცია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად, თუმცა დამკვირვებლების ინფორმაციით, ათობით საარჩევნო უბანზე (დაკვირვების ქვეშ მყოფი უბნების 7%-ზე) კენჭისყრა დაგვიანებით დაიწყო.

უკიდურესად საყურადღებოა, რომ დაფიქსირდა უბნებზე ამომრჩევლებისთვის ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემის 25-მდე შემთხვევა (1-ელ, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 ოლქებში), კახეთსა (მე-12, და მე-14, მე-17 და მე-20 ოლქებში) და ბათუმში (79-ე ოლქი). ასევე დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა – 35-ე, 38-ე და 37-ე საარჩევნო ოლქებში. ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას.

გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასქტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა. ასეთი დარღვევები დაფიქსირდა მე-13 ოლქის 25-ე უბანზე, მე-12 ოლქის მე-4 უბანზე, 21-ე ოლქის 52-ე უბანზე, მე-20 ოლქის 54 უბანზე, მე-7 ოლქის მე-13 და მე-14 უბნებზე, მე-5 ოლქის 46-ე უბანზე, 64-ე ოლქის პირველ და 32-ე უბნებზე.,

ამის პარალელურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფიქსირდება ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები. ვერიფიკაციის აპარატები ვერ არეგისტრირებენ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებს და რეგისტრატორებს ხელით უწევთ მონაცემების აპარატებში შეყვანა. შექმნილი ვითარება, დამკვირვებლებს არ აძლევს საშუალებას დარწმუნდნენ მართებულად ხდება თუ არა უბანზე გამოცხადებული პირის იდენტიფიცირება. იმ ფონზე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა.

ათენის 2 საარჩევნო უბანზე კოალიციის დამკვირვებლებს დაკვირვების საშუალება არ მისცეს.

მნიშვნელოვანი ინციდენტები:

● დამკვირვებლის/წარმომადგენლის/მედიის უფლებების უკანონო შეზღუდვა
უბანზე დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები

მთელი საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება აუდიო და ვიდეო გადაღების შეზღუდვა. კერძოდ, დამკვირვებლებს არ ეძლევათ ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობა. ეს მაშინ, როცა უბნების საკმაოდ დიდ ნაწილზე განთავსებულია სტაციონალური კამერები, რომლებიც რიგ შემთხვევებში მიმართულია, როგორც ხმის მიმცემი კაბინისკენ, ასევე ხმის მთლელი აპარატებისკენ.

დაფიქსირდა ასევე შემთხვევები, როცა კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობა არ იმყოფებოდა უბანზე. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა მე-2 ოლქის მე-15 უბანზე.

● ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა

თბილისსა და ცალკეულ რეგიონებში ფიქსირდება ხმის მიმცემ კაბინებში ამომრჩევლები თანმხლები პირებით. მაგალითად აჭარაში, ბათუმში 79.02 კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით შეყვა უსინათლო ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში დახმარების მიზნით.

უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები

დროის განსხვავების გამო საზღვარგარეთ არსებული უბნების უმრავლესობა ჯერ არ გახსნილა. კოალიციის დამკვირვებლებს დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ ათენის 38-ე და 39-ე საარჩევნო უბნებზე. მოგვიანებით, დამკვირვებელი დაუშვეს 38-ე უბანზე, თუმცა 39-ე უბანზე დამკვირვებელს კვლავ არ ეძლევა დაკვირვების შესაძლებლობა.

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა”-ს დამკვირვებლები მთელი ღამის განმავლობაში მოგვაწვდიან შემაჯამებელი ოქმის ფოტოებს, რომლებიც ეტაპობრივად გამოქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე wevote.ge/results. ამავე ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი დამკვირვებლების მიერ გადმოგზავნილი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის (კონსოლიდირებული საბოლოო ანგარიშის) ფოტოები იმ საარჩევნო უბნებიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. წინასწარი შედეგების ამონაწერისა და შემაჯამებელი ოქმების ფოტოების საჯაროობა “ჩემი ხმას” ვებ-გვერდზე ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს გადაამოწმოს ცესკოს მიერ ოფიციალურად დადებული მონაცემების თანხვედრა დამკვირვებლების მიერ უბნებზე მოპოვებულ ოფიციალურ დოკუმენტებთან.