სადამკვირვებლო ორგანიზაციები: საია, ISFED-ი, კოალიცია „ჩვენი ხმა“ აფასებენ არჩევნების მიმდინარეობას

ოქტომბერი 26, 2024
სადამკვირვებლო ორგანიზაციები: საია, ISFED-ი, კოალიცია „ჩვენი ხმა“ აფასებენ არჩევნების მიმდინარეობას

სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანახმად, საარჩევნო პროცედურები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს. მათ შორის:

ISFED, 14:00-სთვის გამოქვეყნებული განცხადება:
ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, დამკვირვებელთა 9,1 %-დან დაფიქსირდა ინციდენტები. მათ შორის დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის, ამომრჩეველთა მობილიზებისა და ელექტრონული აპარატების ხარვეზების არაერთი შემთხვევა. მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, ამბროლაურის #18 საარჩევნო უბანში კი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ორჯერ მისცა ხმა.

ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 22.7% (+/-0.7% პუნქტის ცდომილების ხარისხით) შეადგინა. ამავდროულად, ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით 9.27%-ს შეადგენს. საარჩევნო უბნებზე 324’197 ამომრჩეველი მივიდა.

ISFED-ის დამკვირვებლები მიუთითებენ სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის – დაკვირვების უფლების შეზღუდვაზე, ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებულ დარღვევებზე, ბიულეტენის გადაცემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე (მათ შორის, მრავალი ბიულეტენის გადაცემაზე, რაც რისკის შემცველია, რადგანაც შესაძლოა გამოყენებული იყოს ე.წ. „კარუსელის“ ტიპის დარღვევისთვის), მარკირების წესის დარღვევებზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, მრავალჯერადი ხმის მიცემაზე
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე.

კოალიცია „ჩვენი ხმა“, 12:00-სთვის გამოქვეყნებული ინფორმაცია:
კოალიციის თანახმად, გრძელდება საგანგაშო ტენდენცია, რაც გულისხმობს ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემას და ყუთში მოთავსებას. ამ დროისთვის ჯამში 50-მდე მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. ეს ტენდენცია გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას – განმარტავს კოალიცია და აჯამებს მიმდინარე დარღვევებზე ინფორმაციას:

• მარკირება არ მოწმდებოდა სათანადო წესით – 49 უბანზე;
• კოალიციის დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ამომრჩევლის ვერიფიკაციის წესების დარღვევა დაფიქსირდა 8 უბანზე;
• მარკირების გაკეთების წესის დარღვევა დაფიქსირდა-68 უბანზე;
• კოალიციის დაკვირვების ქვეშ მყოფ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ხარვეზი გამოვლინდა 125 უბანზე;
• “ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვების უფლება შეეზღუდათ 38 უბანზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), 15:00:
ვიდეო ბრიფინგს ასევე აქვეყნებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და აცხადებს, რომ პროცესი „მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“, რაც მოიცავს ფარულობის დარღვევას, უკანონო აგიტაციას, სადამკვირვებლო და მედია საქმიანობის ხელშეშლას, რაც, ორგანიზაციის განცხადებით, არღვევს საარჩევნო გარემოს სამართლიანობასა და უსაფრთხოებას. ორგანიზაცია მიუთითებს მათ შორის ისეთ მძიმე დარღვევებზე, როგორიცაა სავარაუდოდ მარკირებული პირების უბანზე ორგანიზებულად მიყვანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), 15:00: 

ცესკოს თავმჯდომარე თავის მხრივ, აცხადებს, რომ „გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები“. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტის შესახებ – „ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.“ – დასძინა კალანდარიშვილმა.

თუმცა, სადამკვირვებლო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ „ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას.“ სხვადასხვა ტელევიზიით ვრცელდება ასევე ძალადობის ფაქტებისა და სხვა სავარაუდო დარღვევების ამსახველი კადრები, მიმდინარეობს ფაქტების გადამოწმება სადამკვირვებლო მისიების მიერ.