კენჭისყრიდან მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) ბრიფინგზე წარადგინა არჩევნების წინა პერიოდისა და არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელი შეფასება.
ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულმა ზეწოლამ, დაშინებამ, მოქალაქეებისგან პირადობის ჩამორთმევამ და პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია ასევე საუბრობს არჩევნების დღეს გამოვლენილ მძიმე დარღვევებზე და მიუთითებს ბიულეტენების ჩაყრაზე, ხმის მრავალჯერ მიცემაზე, ამომრჩევლების უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვაზე, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევებაზე, უბნების გარეთ მობილიზებულ ჯგუფებზე, პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და ამორმჩეველთა ნების კონტროლის ფაქტებზე. ISFED-ის შეფასებით, დარღვევების ერთობლიობას შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.
ორგანიზაცია ასევე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ერთობლივად უნდა იყოს შეფასებული და აჯამებს წინასაარჩევნო დაკვირვების ძირითად მიგნებებს:
- მმართველი პარტიის მხრიდან სახელმწიფო რესურსებზე უპირატესობა, საარჩევნოდ მოტივირებული არაერთი სოციალური და საბიუჯეტო პროგრამა, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების, მმართველი პარტიის სასარგებლოდ კამპანიაში მონაწილეობა;
- პერსონალური მონაცემების შეგროვების უარყოფითი გავლენა, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, წარმოადგენს ზეწოლასა და ამომრჩევლის ნების გამოხატვის ხელშეშლას;
- ორგანიზაცია ასევე მიუთითებს წინასაარჩევნო პერიოდში ბათუმელების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც ჩანს, თუ როგორ ადგენს ქართული ოცნება ე.წ. „დოსიეებს“, უკანონოდ მოპოვებული პერსონალური მონაცემების გამოყენებით;
- ორგანიზაცია ასევე მიუთითებს 2022 წლის ივლისში გამოქვეყნებულ კვლევაზე, სადაც აღწერილია ამომრჩეველთა მოსყიდვისა და მათზე ზეწოლის სქემის მასშტაბური სქემა და საგამოძიებო უწყებების მხრიდან რეაგირების ნაკლებობაზე, რამაც, ორგანიზაციის თქმით, გააღრმავა პრობლემა;
- საკანონმდებლო ცვლილებების უარყოფითი გავლენა – მათ შორის, ცესკოს დაკომპლექტების წესის გაუარესება, ცესკოში გადაწყვეტილების მისაღებად, კვალიფიციური უმრავლესობიდან, მარტივ უმრავლესობამდე ჩამოყვანა, სხვა საკანონმდებლო პრობლემებთან ერთად;
- ორგანიზაცია ასევე მიუთითებს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზების პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ დიდი მოთხოვნის მიუხედავად, დამატებითი უბნების გახსნა არასაკმარისი იყო და ახსენებს, რომ ორგანიზაციამ არაერთი ფაქტი იხილა არჩევნების დღეს საარჩევნო უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ISFED-ი ასევე აჯამებს კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს. ორგანიზაცია კენჭისყრის დღეს აკვირდებოდა პარალელური ხმის დათვლის მეთოდოლოგიით (Parallel Vote Tabulation) – ე.წ. PVT-ს მეშვეობით. რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე, ორგანიზაცია განმარტავს, რომ კენჭისყრის დღეს ასევე შეინიშნებოდა დარღვევების სიმრავლე:
- უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები;
- უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას;
- უბნების 9% დაფიქსირდა ამომრჩევლების მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები;
- უბნების 31%-ზე, გარე პერიმეტრებზე ამომრჩეველთა აღრიცხვა;
- უბნების 11%-ზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისა და მუქარის ფაქტები;
- უბნების 19%-ზე ამომრჩეველთა მობილიზება და ტრანსპორტირება.
ორგანიზაციის შეფასებით, გარკვეული ტიპის დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება წინა არჩევნებზე გამოვლენილ მსგავს ფაქტებს. შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაციამ ჯამში წარადგინა 200-ზე მეტი საჩივარი უბნებსა და ოლქებში, 1 საჩივარი ცესკოში, და 70-მდე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. 100-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა უბნების გარეთ და 170 ინციდენტი – უბნების შიგნით.
ISFED აკვირდებოდა წინასაარჩევნო და არჩევნების დღეს. ორგანიზაცია გეგმავს განაგრძოს დაკვირვება საარჩევნო დავებზე და საბოლოო შეფასება გამოაქვეყნოს წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია მოიცავდა 1500 დამკვირვებელს (როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე) და შედგებოდა როგორც საუბნო დამკვირვებლებისგან, ისე საოლქო დამკვირვებლებისა და მობილური ჯგუფებისგან.