30 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, „საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ“. პროკურატურა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი 31 ოქტომბერს „გამოკითხვის მიზნით“ დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, ცესკოს 29 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე. პროკურატურის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით.“
პროკურატურის განცხადება გამოქვეყნდა ორ დღეში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მოადგილის (ყოფილი პრეზიდენტის), დმიტრი მედვედევის მიერ ტვიტერზე, 28 ოქტომბერს პოსტის გამოქვეყნებიდან, სადაც ის წერს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, არჩევნების შედეგების მიუღებლობაზე: „სტანდარტული პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში არის პოსტიდან ჩამოშორება და დაპატიმრება.“
ამ საკითხს გამოეხმაურა სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“-ს პრეს-სპიკერი, ლონდა თოლორაია: „მე არ მახსენდება შემთხვევა, 15 წელი საგამოძიებო უწყებაში და პროკურატურაში ვმუშაობდი, საქმის გამოძიება იწყებოდეს ზემოდან, და არა თვითმხილველი ადამიანის მხრიდან.“ მისი თქმით, არჩევნებამდე მათ მრავალჯერ მოუწოდეს საგამოძიებო უწყებებს არჩევნებამდე სისხლის სამართლის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოძიებისკენ, რასაც პრევენციული ეფექტი ექნებოდა, რათა არჩევნების დღეს არ ყოფილიყო სისტემური დარღვევები, „თუმცა, არც ერთ {ფაქტზე} რეაგირება არ მომხდარა“:
„საგამოძიებო უწყებას ამაზე გამოძიება უნდა დაეწყო არა დღეს, არამედ მაშინ, როდესაც დაიწყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, მაშინ როდესაც დაიწყო პერსონალური მონაცემების დიდი რაოდენობით მოხვედრა მმართველი პარტიის ხელში. ამიტომ ამ პირობებში როდესაც არაფერზე რეაგირება არ ყოფილა, ცხადია, ეს გამოძიება რომელიც დაიწყო მედვედევის მიერ გავრცელებული განცხადების მერე, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუქმნას პრობლემა – ცხადია არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი.“
კოალიცია „ჩემი ხმა“ აკვირდებოდა წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე და დღეს, 30 ოქტომბერს, კოალიციამ წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417’305-ს. ორი დღით ადრე, კოალიციამ გამოაქვეყნა განცხადება, არჩევნების გაყალბების ძირითადი სქემის გამოვლენის შესახებ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „არ ვაღიარებ ამ არჩევნებს.“