დაშინება, მუქარა, სხვისი პირადობებით ხმის მიცემა, დამკვირვებლების უბნებიდან გაძევება, ბიულეტენების ჩაყრა და დახურული უბანი – ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მარნეულში. 28 სხვა ოლქთან ერთად, მარნეული არჩევნების დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერილი იყო. პრაქტიკულად, ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
„ქართული ოცნების“ აგიტატორები ღიად მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს, ხმა მიეციათ მმართველი პარტიისთვის. არჩევნების გაშუქების პროცესში დავაფიქსირეთ ისეთი ფაქტებიც, სადაც ერთ კაბინაში ერთდროულად ორი პირი აძლევდა ხმას, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. მსგავსი შემთხვევა მარნეულის მე-3 უბანზე დავაფიქსირეთ. თუმცა, კომისიის თავმჯდომარის და წევრების მხრიდან ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩა. პარალელურად, იმავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის ბოლოს, საარჩევნო უბნის დახურვამდე ნახევარი საათით ადრე, სავარაუდოდ, „ოცნების“ კოორდინატორი სპეციალურ სიაში აღნიშნავდა იმ პირებს, ვინც არჩევნებზე მივიდა. „მაისი ნიუსმა“ ეს ფაქტიც დააფიქსირა.
„დამკვირვებლებს ფსიქოლოგიური ზეწოლის, მუქარის ქვეშ უწევთ მუშაობა. ბევრ მათგანს კომისიის წევრების მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე უბანი დაატოვებინეს და მათი მეთვალყურების გარეშე გაგრძელდა კენჭისყრის პროცედურები“, – გვითხრა ეკა ქობესაშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა, რომელიც ასევე, დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებოდა ხმის მიცემის პროცედურებს.
ამგვარი მეთოდით დაატოვებინეს 69-ე უბანი „ჩემი ხმის“ დამკვირვებელს ირაკლი ჭუმბურიძეს, რომელმაც სავარაუდო გაყალბების ფაქტი გადაიღო. მამაკაცი, ვინც ყუთში ბიულეტენები ჩაყარა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვია. ხუთ წამიანი ვიდეოს ავტორი, ვინც დარღვევა გადაიღო, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ძალის გამოყენებით უბნიდან გააგდეს. თუმცა, ამ შემთხვევის შედეგად 69-ე უბანზე არჩევნები ჩაიშალა, ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით კი, ჭუმბურაძე დაკითხვაზე მარნეულის პოლიციაში დაიბარეს.
თავად ისკანდაროვი ინციდენტს ორი დღის შემდეგ გამოაეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მომხდარში ოპოზიცია დაადანაშაულა, თითქოს ისინი „ოცნების“ ამომრჩევლებს ბიულეტენის ყუთში ჩაგების უფლებას არ აძლევდნენ – „ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტენები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ჩემი მიზანი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდლეობა. ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“ – წერს ისკანდაროვი, რომელმაც მოგვიანებით პოსტი წაშალა.
31 ოქტომბერს, პოლიციამ დააკავა 2 პირი 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით №69-ე საარჩევნო უბანზეშეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 164/3-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.
სცემეს და უბნიდან გააძევეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი გიორგი გოცირეძეც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „მაისის ნიუსთან“ საუბარში გიორგი იხსენებს, რომ მარნეულის მე-4 უბანზე იმყოფებოდა, როცა შენიშნა, რომ ამომრჩევლები შემოწმების გარეშე შეუშვეს უბანზე, რაც გააპროტესტა – „ამაზე აღშფოთდა კომისიის წევრი. მემუქრებოდა. ჩემსკენ გამოიწია საცემრად. თუმცა, უბანზე მყოფნი დამკვირვებლები ჩაერივნენ და მომაცილეს. უბნიდან გასვლისას. კარებთან ვიყავი მისული, როცა იგივე კომისიის წევრმა მხარში ჩამარტყა მუშტი. გარეთ გასვლა მოვასწარი, სადაც ოპოზიცია და მედია იდგა, მათ მომხდარის შესახებ ვუამბე. ამ დროს დამკვირვებლის ბეიჯით რამდენიმე მამაკაცი მოვიდა ჩემთან, შემომეხვივნენ, კიბეებისკენ გამიყვანეს და დამარტყეს“. – იხსენებს გიორგი გოცირიძე.
დამკვირვებლები გააძევეს მარნეულის მე-7 უბნიდანაც. „მაისი ნიუსი“ უბანზე იმ დროს მივიდა, როდესაც უბნის დახურვამდე საათ ნახევარი რჩებოდა. უბნის შესასვლელთან ათამდე მამაკაცი იდგა, ისინი უბანზე შემსვლელ პირებს აკვირდებოდნენ. მათთან ერთად, უბნის კარებთან ოთხი პოლიციელიც იდგა. ამ უბანზე ყოფნისას სავარაუდო გაყალბების ორი ფაქტი დავაფიქსირეთ, როდესაც ამომრჩეველი სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემაც. ფაქტი გადავიღეთ და კომისიის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოვუწოდეთ. თუმცა, უშედეგოდ. „ოცნების“ დამკვირვებელმა კი ყვირილით, მუქარით, სცადა ჩვენი გაძევება. კომისიის თავმჯდომარე კი ამტკიცებდა, რომ უბანზე გადაღების უფლება არ გვქონდა. ხმაურზე უბნის კართან მდგომი პოლიციელები არ შემოსულან. მოგვიანებით კი, როდესაც უბანი დავტოვეთ, პოლიცია სკოლის ეზოშიც აღარ დაგვხვდა.
დამკვირვებელი, ვინც ჩვენი უბნიდან გაძევებას ცდილობდა, მარნეულის მკვიდრი, რამაზ კარხმაზლია. როგორც „მაისი ნიუსმა“ გაარკვია, ის მარნეულის მერიაში სპეციალისტად მუშაობდა. სწორედ კარხმაზლი იყო ის დამკვირვებელი, რომელმაც რადიო „მარნეულის“ გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალა. ვიდეო გადაღების პროცესში, როდესაც ჟურნალისტმა სავარაუდო გაყალბების ფაქტი დააფიქსირა, „ოცნების“ დამკვირვებელმა მას ტელეფონი წაართვა და უბნიდან გააძევა. პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტი თიკო დავაძე გამოკითხა.
„არჩევნების დღეს მარნეულის მასშტაბით ვაშუქებდით მოვლენებს, ათობით უბანზე შევდიოდით, სადაც პირდაპირ თუ ირიბად ხელს გვიშლიდნენ საქმიანობაში. მე-7 უბანზე კომისიის თავმჯდომარე და დამკვირვებელი „ოცნებიდან“ უფლებას არ გვაძლევდნენ ფოტო-ვიდეო გადაღების. მე და ჩემი თანამშრომელი ვიყავით – აგენტი, პროვოკატორი გვიწოდეს, სცადეს უბნიდან გაძევება, გვეუბნებოდნენ არ გვქონდა გადაღების უფლება და ხელს გვიშლიდნენ. მსგავსი ფაქტები იყო სხვა უბნებზეც, ჩვენს გამოჩენას არასასურველი რეაქცია მოჰყვა ყველგან. 74-ე უბანზე, ყიზილაჯლოში კი, დამკვირვებელმა „მიმითითა“, რომ ჟურნალისტი ტელეფონით კი არა, სხვა სახის ტექნიკური აღჭურვილობით უნდა იღებდეს. უბნებთან „ოცნების“ აგიტატორები იდგნენ სიებით ხელში და ამას როცა ვიღებდით, ეს არ მოსწონდათ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. აგიტატორები უბანთან ძალიან ახლოს იდგნენ, ურეკავდნენ მოქალაქეებს და პირდაპირ ეუბნებოდნენ ვისთვს უნდა მიეცათ ხმა“ – უთხრა „მაისი ნიუსს“ ჟურნალისტმა.
ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებით, კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრიცნიპი, რაც არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.
ავტორი: სალომე გოგოხია