30 ოქტომბერს, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურა წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს დაკითხვაზე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტმა გამართა საგანგებო ბრიფინგი.
პრეზიდენტის ბრიფინგი დაიწყო რამდენიმეწუთიანი ვიდეო რგოლით, სადაც ნაჩვენებია არჩევნების დღეს აღბეჭდილი სხვადასხვა დარღვევა.
პრეზიდენტი მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ მისი დაბარება არ შეესაბამება სტანდარტულ პრაქტიკას, რადგანაც პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება თვითმხილველებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე, პრეზიდენტისგან მტკიცებულებების მოთხოვნის ნაცვლად.
პროკურატურის განცხადება „უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს“, აცხადებს პრეზიდენტი.
იხილეთ ბრიფინგის შემოკლებული ტექსტი:
„მოგესალმებით ყველას – {აქ} არის ის პირდაპირი კადრები და ასეთი კადრები ყველას გინახავთ, ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან. ეს არის ის კადრები, რომელსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
მტკიცებულებებს, ბატონებო, თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება. მე, ასე ვიცოდი, საერთოდ, რომ პირიქით იყო. როდესაც საგამოძიებო ორგანოს თავად უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით, ხომ?! ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და არ გამიგია, მართალი ვთქვა, არცერთი ასეთი პრეცედენტი, არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები.
პროკურატურა, კიდევ უფრო უცნაური არის, ცესკოს წუხილის საფუძველზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე, ცესკო შეურაცხყოფილი არის, იმიტომ რომ მისი „დისკრედიტაცია“ მიმდინარეობს. რატომ არის ეს დისკრედიტაცია – არ ვიცი. ეს არის ფაქტები, ყველამ იცის, გავრცელებული არის და საერთოდ საგამოძიებო უწყებამ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა და ყველამ შეამჩნია იმ დღეს და მერე ბევრად მეტი – ყველა მოქალაქე პრაქტიკულად, მოქალაქეები არიან ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები – უზარმაზარი მასალა არსებობს უკვე და ცესკოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევების და გაყალბების დადასტურებას, რაც სწორედ ევალება ან პროკურატურას ან საერთაშორისო გამოძიებას.
ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვებული მასალა, რომელსაც, როგორც ჩანს არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა პრაქტიკულად ყველა ცნობილი თუ ყველა უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა.
და ეს ჩამოთვალა სწორედ ახლა ჯოზეფ ბორელმა – ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა-გამრავლება, კარუსელის დატრიალება, და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახანს სწორედ საიამ გამოაჩინა – არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზედაც სხვათა შორის, საიას ჰქონდა წინასწარ შეტანილი უკვე ეს შენიშვნა არჩევნებამდე და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები რაც არ გააკეთა, და ალბათ ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული, არ ვიცი მე, ეს ჩემი საქმე ნაკლებად არის.
ასევე არის ძალიან სერიოზული დარღვევები, უსერიოზულესი, დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება, როდესაც 1 მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნების გახსნაზე.
ხალხის წინაშე ხართ – მე ახლა პროკურატურას მივმართავ – ანგარიშვალდებული,
თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს, და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს ასეთ სიტუაციაში რომ პრეზიდენტზე დაიწყოს რაღაც აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც სხვათა შორის, ეს პოლიტიკური რაღაც, არ ვიცი როგორ დავარქვა, {ეს} უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა.
ცესკოში დღეს ამ მომენტში, მაგრამ ბევრად მეტიც იქნება, შეტანილი არის ათას ასზე მეტი საჩივარი, მოთხოვნა – შედეგების გაბათილების, უშუალოდ 246 უბანს ეხება რაც ამ ეტაპზე სადღაც 400 ათას ამომრჩეველს ეხება – ესე იგი პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი თვით არჩევნების შედეგებზე.
და ყველაზე მთავარი რომ ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც შეიძლება 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა დადგეს. ასე რომ, პროკურატურას მე ვურჩევდი რომ სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, რაც კიდევ უფრო სხვათა შორის ამ მომენტში როდესაც საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ რომ გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს თუ შეუძლია პროკურატურას რომ იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი – ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. ასე რომ შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.
მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას რომ აქ ბევრი მხრივ ჩანს ეს არის მცდელობა რომ საზოგადოება რომელიც, ნათელი არის, განიცდის ძალიან დიდ ფრუსტრაციას დღეს იმიტომ რომ ხედავს თუ რა დონეზე იქნა წართმეული ეს ხმები, ამავე დროს მიდის ფსიქოლოგიური ზეწოლა საზოგადოებაზე, რომ ამ ფრუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, რაღაც შიშები, თუნდაც ჩემს მიმართ და ამისთვის მადლობელი ვარ – ძალიან ბევრი მივიღე დღეს გზავნილები სხვადახვა კუთხით რომ ნუ გეშინიათ – არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ ყველაფერი წყნარად იქნება, მშვიდობიანად და უნდა დადგეს რეალური შედეგები ამ არჩევნების. ძალიან დიდი მადლობა ყველას.“
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს პროკურატურაში გამოცხადებას.