31 ოქტომბერს, ოთხიდან სუბიექტიდან, სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა საპარლამენტო მანდატები (ხოლო შემდგომ, უარი განაცხადა საპარლამენტო მანდატებზე და თანმდევ დაფინანსებაზე), გამართეს ბრიფინგი, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
ბრიფინგზე კოალიცია „ძლიერი საქართველო“ წარმოადგინა ანა დოლიძემ. ანა დოლიძემ ისაუბრა „სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებების“ შეგროვების პროცესზე, რა დროსაც მისი თქმით, შეგროვდა, „ათასობით ვიდეო ფაილი“, რომელიც ასახავს დევნას, გამოძევებას, მუქარას, შანტაჟს, ბულინგს, გაყალბებას – სისხლის სამართლის დანაშაულს.
ელენე ხოშტარიამ წარმოადგინა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და ასევე ისაუბრა გეგმებზე: „პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, არა ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული, კარგად დაგეგმილი, შედეგზე ორიენტირებული პროცესი,“ და გამოაცხადა, რომ „შექმნილია ამ პროტესტის ჯგუფი“, რომელიც მიიღებს ყველა აქტიურ მოქალაქეს, „მათ ექნებათ ამ სივრცეში სრული ადგილი, პატივისცემა, და ასე ხელიხელ ჩაკიდებული, რუსებს გავაგდებთ ამ ქვეყნიდან.“
ბრიფინგი დასრულდა თინა ბოკუჩავას გამოსვლით. მან წარმოადგინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თქმით, „ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ 9 სახელმწიფო, აქედან სამი – რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობას – ეს არის რუსეთი, ეს არის ვენესუელა და ეს არის ნიკარაგუა. და თავისთავად მხოლოდ ესეც ცხადად მეტყველებს რა გზას დაადგა ივანიშვილი,“ „ეს არის გზა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის, რის საშუალებასაც ჩვენ ივანიშვილს არ მივცემთ.“
პარტიები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოვიდნენ ორშაბათს, საღამოს 19:00-ზე რუსთაველზე, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე. მათ ასევე წარადგინეს შემდეგი გეგმა:
- არ შევდივართ პარლამენტში და იზოლაციაში ვტოვებთ რუსულ რეჟიმს.
- შევქმენით ინტერპარტიული კოალიცია, რომელიც მუშაობს პრეზიდენტთან ერთად.
- ხვალ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს წარვუდგენთ მასშტაბური გაყალბების მტკიცებულებებს.
- ორშაბათს, აქციიდან, ქართველ ხალხთან ერთად ამ მტკიცებულებების საფუძველზე მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას.
- ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით.
ბრიფინგის სრული ტრანსკრიპტი:
ანა დოლიძე (9 – „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, რომელშიც შედის „ლელო საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძის, „ხალხისთვის“ – ანა დოლიძისა და „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობით):
- მადლობა მეგობრებს უცხოეთში, ასევე საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში.
თქვენს წინაშეა დღეს ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების,
რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მართოს ეს ქვეყანა და შეიყვანოს ეს ქვეყანა ევროკავშირში. - ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, ის გაერთიანებები, ჩვენს უკან არიან სწორედ ის მებრძოლები, რომლებმაც თქვენგან მიიღეს ნდობა რომ წინ გაუძღვენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაყალბებული და რუსული სპეცოპერაციის შედეგად მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას აქ და ჩვენ გაერთიანებებში ჩვენ რეგიონულ ფილიალებში, ჩვენ ხალხთან, ჩვენ მებრძოლებთან ერთად, იმისთვის რომ შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების, 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის.
- ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც მივიდა არჩევნებზე, რომელმაც გააკეთა ევროპული არჩევანი, მას ზუსტად ესმის, მან ზუსტად იცის, რომ ეს არჩევანი მოპარეს, მაგრამ ჩვენ მეგობრებს უცხოეთში, ჩვენ პარტნიორებს სჭირდებოდათ და ახლაც სჭირდებათ სერიოზული, კარგად გამოკვლეული სქემები, და საარჩევნო მექანიზმები, რითაც ეს არჩევნები იქნა მოპარული.
- აქვე განვაცხადებ, თუ ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ მექანიზმებზე და ინსტრუმენტებზე, ახლა ვსაუბრობთ ჩვენ სისტემურ, ფართო მასშტაბიან სპეცოპერაციაზე არჩევნების მიტაცებისა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევქმენით რამდენიმე სამუშაო მიმართულება და ეს ყველაფერი განცხორიელდება აქ, შტაბში რომლის ამოცანა იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს რაც არის არჩევნების გაყალბება და საქართველოს დარჩენა რუსეთის გავლენის ქვეშ და დარჩენა როგორც რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ერთეულისა.
- ამ მიზნით ჩვენ წარვმართავთ კომუნიკაციას თქვენთან, საქართველოს მოსახლეობასთან, ჩვენ ამომრჩეველთან, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ კი ვართ გაბრაზებულები, მაგრამ ჩვენზე მეტად, და ყველაზე მეტად სწორედ თქვენ ხართ გაბრაზებულები იმაზე რაც მოხდა, და ძალიან კარგად ვიცით, რომ არცერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას, კუდრაჭას და ჭინკას გაატანოს ის არჩევანი რაც არის ჩვენი ყველას ისტორიული არჩევანი და რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი.
- აქვე ვიტყვი აუცილებლად, რომ ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად, თავის დროზე იქნება გამოვლენილი, და ჩვენ მიერ აშენებული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს მიერ დასჯილი. ის რაც მოხდა 26 ოქტომბერს, ჩვენი ხალხის დევნა, ჩვენი გამოძევება, ჩვენ ხალხზე მუქარა, ჩვენი ხალხის შანტაჟი, საარჩევნო უბნებიდან გაყვანა და დაბულინგება – ეს ყველაფერი – სისხლის სამართლის დანაშაული, ეს ყველა ჩანაწერი არსებობს.
- ჩვენ მოვიპოვეთ სქემები, რომლებიც მტკიცდება ათასობით, ათასობით ვიდეო ფაილით. თითოეული ეს ადამიანი – ხანდაზმულობა ამ დანაშაულებს აქვს ბევრი წელი. იქნება გამოვლენილი და დასჯილი. თქვენ გაქვთ ძალიან პატარა ფანჯარა, რომ ჩაეხსნათ იმ კრიმინალს, და კრიმინალურ სინდიკატს, რომელიც ამ ქვეყანას მართავს. ჩვენ გავაგრძელებთ – ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით ამას რამდენიმე დღის განმავლობაში და რამაც დადო ის შედეგი არაღიარებისა,
- და რაც მთავარია, და მე გადავცემ სიტყვას ჩემს პარტნიორებს – რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 7 საათზე, რუსთაველზე, და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ – შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით სამართლებრივად მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი.
ელენე ხოშტარია (4 – „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, რომელშიც შედის „ახალი“ – ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ზურაბ ჯაფარიძის და „დროა“ – ელენე ხოშტარიას ხელმძღვანელობით):
- მოგესალმებით, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და მეტი არავის, შესაბამისად როდესაც ჩნდება ჯგუფი და მითუმეტეს მტერი – რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება წაართვას ხალხს, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ეს დავიბრუნოთ. როდესაც ხდება კონსტიტუციური გადატრიალება ამ ჯგუფის მიერ, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე.
- შესაბამისად ამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცენტრალური მიმართულება, სადაც ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ პროდასავლური ევროპული კოალიციაა შემდგარი – ჩვენ ვართ გამარჯვებულები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თქვენი ნდობა და მანდატი. და ეს გამარჯვება ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას – ამ ბრძოლას გავუძღვეთ წინ და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ დიახ, იქნება ეს ქვეყნის გარეთ, თუ ქვეყნის შიგნით – ქუჩაში მტკიცე პროტესტში ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და ეს იქნება ასე.
- ამასთანავე ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პროტესტი არის არა ბრაზის გამოშვება, არა ქაოსი, არამედ კარგად გააზრებული, კარგად დაგეგმილი, შედეგზე ორიენტირებული პროცესი. შესაბამისად, ყოველ ჯერზე პროტესტის ეტაპებისა ჩვენ საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს და ვუხსნით თუ რას ემსახურება ესა თუ ის კონკრეტული აქცია, კონკრეტული აქციის ფორმა და ასე შემდეგ.
- ორშაბათს, 7 საათზე, რუსთაველზე ჩვენ გვინდა რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახოთ რომ არა, უბრალოდ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არამედ აი ის ხალხი, ქართული საზოგადოება რაც ცოტა ხნის პრეზიდენტის დიდი ლიდერობით, საამაყო ლიდერობით შემოიკრიბა რუსთაველზე – ისევ შევიკრიბოთ და ვთქვათ არა მხოლოდ არ ვაღიარებთ – ჩვენ ვიცით თქვენ რა ჩაიდინეთ, ჩვენ ვიცით ის კრიმინალი რაც თქვენ განახორციელეთ, და არ გაპატიებთ ამ კრიმინალს.
- იქვე წარგიდგენთ იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რითიც ვაპირებთ ამასთან დაპირისპირებას. ასევე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შტაბში შექმნილია ამ პროტესტის ჯგუფი, მიმართულება, რომელიც ხვალვე მოიწვევს საზოგადოების წარმომადგენლებს – ყველა აქტიურ საზოგადოებრივ ჯგუფს – ახალგაზრდებს, არაახალგაზრდებს – ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უნდა წვლილი შეიტანოს დაგეგმვაში, მათ შორის ამ პროცესის. მათ ექნებათ ამ სივრცეში სრული ადგილი, პატივისცემა და ასე ხელიხელ ჩაკიდებული, რუსებს გავაგდებთ ამ ქვეყნიდან.
თინა ბოკუჩავა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის კოალიციაში ასევე შედის „სტრატეგია აღმაშენებელი):
- მოგესალმებით, მადლობა ელენე. თქვენ იცით რომ ჩვენ ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ეტაპზე 26 ოქტომბრის არჩევნები, რომელზეც რეალურად ივანიშვილმა რუსული სპეცოპერაციის გამოყენებით ქართველ ხალხს მოპარა გამარჯვება და ევროპული მომავალი – ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ 9 სახელმწიფო, აქედან სამი – რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობას – ეს არის რუსეთი, ეს არის ვენესუელა და ეს არის ნიკარაგუა. და თავისთავად მხოლოდ ესეც ცხადად მეტყველებს რა გზას დაადგა ივანიშვილი.
- ეს არის გზა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის, რის საშუალებასაც ჩვენ ივანიშვილს არ მივცემთ. სამყარო კი ამ დროს აცხადებს, მათ შორის ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება, რაც თავისთავად უპრეცედენტოა. მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღეში ამერიკაშიც იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა მოიცალა საგანგებო განცხადებისთვის, რომ გამოხმაურებოდა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებს საქართველოში, სადაც ნათქვამია – საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე დაყრდობით, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, და არც სამართლიანი.
- დიახ, ეს არის რეალურად ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს როდესაც საერთაშორისო თანამეგრობრობა არის სიმართლის მხარეს, არის ქართველი ხალხის მხარეს, და არის გამარჯვების მხარეს, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა და რომლის მიტაცებასაც ცდილობს ბიძინა ივანიშვილი.
- ელენემ ახსენა პროტესტი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის და ეს ფორმა რომელიც ჩვენ აუცილებლად ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად, ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები გამარჯვების დასაბრუნებლად და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამ აქციებზე ვიქნებით ისეთივე კონსოლიდირებული, ისეთივე ერთიანი, ისეთივე მრავალრიცხოვანი, ისეთივე ჟინით გაჟღენთილი გამარჯვების დასაბრუნებლად, როგორიც ვიყავით იმ აქციაზე რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დაანონსა წინა ორშაბათს. ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად ამ ბრძოლაში არის კონსოლიდაცია და ერთიანობა.
- ქართველი ხალხის გვერდით და ჩვენი ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას საქართველოს პრეზიდენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საზოგადოება არის სრულად კონსოლიდირებული და მოწინააღმდეგე ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რჩება, მხოლოდ რუსული სპეცოპერაციის ჩამტარებელი, ივანიშვილის ხელისუფლება.
- ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც ასევე წარვუდგენთ იმ ანგარიშს, რომელზეც ვმუშაობდით ინტერპარტიულად, რომელშიც არის აღწერილი უამრავი დარღვევა, მათ შორის უგულებელყოფა სრული დიდი უკანონობის, კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობის, ფარულობის პრინციპის, ტოტალური, მასობრივი სისტემური დარღვევა, რაც თავისთავად, რომ არა ის უამრავი დარღვევა, რომელსაც ასევე ადგილი ჰქონდა, თავისთავად ფარულობა – ამ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაც უკვე საკმარისია, საარჩევნო შედეგის გასაუქმებლად.
- და ამ საფუძველს იძლევა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ჩვენ მაქსიმალურად ღია კოორდინაციაში ვიქნებით ასევე ჩვენს ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებმაც სწორედ ჩვენ, იმ ოპოზიციურ ერთობას, რომელსაც დღეს თქვენ ხედავთ – სწორედ ჩვენ მოგვცა ქვეყნის მართვის მანდატი სწორედ ჩვენ მოგვანიჭა ნდობა იმ არჩევანით, იმ ევროპული არჩევანით, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.
- ჩვენ თავს ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ სწორედ თქვენთან, საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენს ამომრჩეველთან, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობასთან, რომელმაც აირჩია ევროპა, რომელმაც აირჩია თავისუფალი მომავალი, ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის დამონებასაც რუსული სპეცოპერაციით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის განგრძობადი ბრძოლა, ეს არის განგრძობადი ბრძოლა, თუმცა ბრძოლა გარდაუვალი გამარჯვებისთვის.
- გამარვჯვება, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, რომელიც უნდა დავიბრუნოთ და რომელიც დასრულდება არა მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, რომელიც არის ჩვენი ლეგიტიმური, კონსტიტუციური მოთხოვნა, არამედ აუცილებლად დასრულდება საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში. ასე რომ შევხვდებით ერთმანეთს რუსთაველზე ორშაბათს.