„ქართულ-ევროპული საზოგადოება – ასე დავარქვით ჩვენს გაერთიანებას, რომ ცხადი ყოფილიყო ჩვენი დამოკიდებულება, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ვაცნობეთ ჩვენი დამოკიდებულება ყველა გზით, ყველას – რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპის გზას და ყოველთვის ამ გზაზე დავრჩებით, რადგანაც ხსნა არის ევროპა და არა წინა საუკუნეებში ჩარჩენილი რუსეთი, მართვის ფორმით. ამიტომ შევიკრიბეთ – პატარა ქალაქისთვის დიდი შეკრება გამოგვივიდა, 50-ზე მეტი ადამიანი იყო, არდადაგების მიუხედავად.“ – გვეუბნება ჯიმშერ ბედიანაშვილი, ქართულ-ევროპული საზოგადოების, ბელეფელდში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, ვინც უკვე წლებია ცხოვრობს გერმანიის პატარა ქალაქში.
მიუხედავად ბელეფელდში მცხოვრები ქართველების მცირე რაოდენობისა, ბელეფელდის დიასპორაც შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, რუსული კანონის წინააღმდეგ, ხოლო ბოლო პერიოდში – ასევე საქართველოში, არჩევნებზე ფარულობის დარღვევის, ძალადობისა და სხვა გავრცელებული ვიდეო კადრების საპასუხოდ.
„მე 27 წელია გერმანიაში ვცხოვრობ – არ მინახავს ის, რასაც მას აბრალებენ. პირიქით, ევროპა არის დემოკრატიის, თავისუფლების – ყველაფერი იმის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის. მნიშვნელოვანია, ყველა წავიდეს არჩევნებზე, შემოხაზონ ნებისმიერეი – გარდა პრორუსული პარტიებისა. დაივიწყონ პირადი წყენები და მიზნები, იფიქრონ მომავალზე, შვილებზე, შვილიშვილებზე – და რა იქნება ხვალ, წავიდეს ყველა არჩევნებზე.
ვაკვირდები მოვლენებს – ომით დაშინება რომ ხდება, ეს მიუღებელია. ახალი კონფლიქტი ევროპისთვის მეტი პრობლემა იქნება – აბა რისთვის აგზავნიან საქართველოში ამდენ დახმარებას? ომი საქართველოში მათი საფიქრალი, მათი საზრუნავი და მეტი ხარჯი იქნება – არ არსებობს ევროპას უნდოდეს აქ მეტი ომი. არიან პრორუსული ძალები ვინც ამბობს, რომ ვითომ მათ სურთ ომის ახალი კერები. სისულელეა ამაზე ფიქრიც კი – არანაირი ნორმალურ აზროვნებაში არ ჯდება. როგორ შეიძლება, უკრაინისასთან ერთად კიდევ ახალი ომის კერა უნდოდეს? ევროპას სჭირდება მშვიდობიანი, დემოკრატიული, დამშვიდებული საქართველო.
როგორც ვხედავ, ყურადღებით ვუსმენ მათ საუბარს – ევროპისთვის საქართველო ყოველთვის იყო სტაბილურობის გარანტი კავკასიაში. საქართველოზეა დამოკიდებული ბევრი რამ. იცით კავკასიაში რაც ხდებოდა ამ წლებში – ბუნებრივია, ევროპას სტაბილური საქართველო ურჩევნია და არა არეული და გაურკვეველი. თავისუფალი, სტაბილური და დამოუკიდებელი საქართველო არის სტაბილურობის გარანტი რეგიონში.
ახლა, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივამ დაიხია უკან – ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. როგორც კი ეს შეჩერდება და საქართველო დემოკრატიულ გზას გააგრძელებს, ევროკავშირი სიამოვნებით დაუბრუნდება იმ მხარდაჭერას. როგორ შეიძლება ასე უკან სწევდე ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის?
უბნების რაოდენობას რაც შეეხება, ძალიან ცოტაა და ვინც ჩამოსულია და წლებია ცხოვრობენ – რთულია გადაადგილება შორ მანძილზე, მაგრამ ჩვენ და სხვებმა – გავუკეთეთ ორგანიზება – დავაორგანიზეთ მანქანები, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა გვინდა -მინიავტობუსები, ავტობუსები – ნებისმიერს შეუძლია მოგვმართოს და წავიყვანთ. კარგი იქნებოდა, რომ ბევრი უბანი გახსნილიყო, მაგრამ არ შესრულდა, არ გაკეთდა. ხალხი მოტივირებულია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვისაც არჩევნებზე უნდა – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევძლოთ მონაწილეობის მიღება.
ვინმე თუ გვიკავშირდება ვანაწილებთ – ზოგს სამი, ზოგს ორი, ზოგს მეტი ადგილი აქვს – ვიკრიბებით, ვისაც უნდა წამოსვლა. პირადად მე ოთხი ადგილი მაქვს თავისუფალი.
ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეიცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაცხოვრებელთან მიმართებაში უნდა შევცვალოთ ეს უნდობლობა და ზიზღი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნდობა და სიყვარული გვინდა. ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს ამაში წვლილი – მიუხედავად იმისა, ბევრი შეუძლია თუ ცოტა, ვისაც რა შეუძლია.
ბოლოსკენ, ვუსურვებ საქართველოს, რომ დაებრუნებინოს ღირსება, რაც ყოველთვის ჰქონდა საქართველოს.“
ორგანიზაცია დაარსდა 2003 წელს და მისი მიზნებია ქართულ დიასპორაში ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნება, თანამემამულეების თანადგომა, უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, გერმანულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავება. საზოგადოებასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია. დიასპორა ასევე პერიოდულად გამოსცემს გაზეთ „ივერიას“, ილია ჭავჭავაძის მიერ, 1877 წელს პირველად გამოცემული გაზეთ „ივერიის“ პატივსაცემად.