1924: აჯანყების 100 წლის თავზე

ოქტომბერი 20, 2024
1924: აჯანყების 100 წლის თავზე

ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რაზე ფიქრობდა 29 წლის გოგიტა ფაღავა, დამფუძნებელი კრების დეპუტატი და დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, როდესაც 1924 წლის 30 აგვისტოს სუზდალის იზოლატორიდან ეტაპით გაიყვანეს დასახვრეტად. არც ის ვიცით, რას ფიქრობდა ვალიკო ჯუღელი, მაშინ 37 წლისა, სახალხო გვარდიის ყოფილი სარდალი, საიდუმლოდ შემოსული საქართვველოში იმავე წლის გაზაფხულზე, როდესაც თბილისში დახვრიტეს. მათ გარდა, დამფუძნებელი კრების კიდევ 10 დეპუტატი დახვრიტეს ბოლშევიკებმა 100 წლის წინ, თავგანწირული აჯანყების ჩახშობის შემდეგ. და კიდევ ურიცხვი სხვა პატრიოტი, ზოგი ისეთიც, ვინც უბრალოდ იმიტომ დაისაჯა, რომ მღვდელი იყო, ან დიდგვაროვანი, ან სოციალ-დემოკრატი ან უბრალოდ უადგილო ადგილას მოხვდა. არ ვიცით, რას ფიქრობდნენ ეს ადამიანები.

მაგრამ დანამდვილებით ის ვიცით, რომ აჯანყებულთა სამაგალითო დასჯის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა კიდევ 65 წლით ბოლშევიკთა ხელში ჩავარდა. ამ წლებში ბევრი ტრაგედია დატრიალდა, თუმცა ყოველდღიური, ადამიანური სიხარულებიც იქნებოდა. მთავარი კი ის არის, რომ ამ 65 წლის მანძილზე ქვეყანა იყო ჩაკეტილი, იზოლირებული, ჩამოშორებული ყველა იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ პროცესს, რაც მისი ბუნებრივი განვითარების გზა უნდა გამხდარიყო.
და აი, გავიდა კიდევ 35 წელი – დამოუკიდებელმა საქართველომ ნახა ომი და გაჭირვება, დიდი იმედების გაღვიძება და იმედგაცრუებაც, გამარჯვებებიც და დამარცხებებიც, მაგრამ მუდმივად მიდიოდა წინ, ევროპისკენ, სადაც ჩვენს ხალხს ეგულება დემოკრატია, კეთილდღეობა და თანასწორობა.

100 წლის წინ ქართველი პატრიოები რუსული ხიშტებით მოსულ მთავრობას ებრძოდნენ და რუსული ხიშტებით დამარცხდნენ. ახლა 1924 წლის აჯანყების 100 წლის თავზე წარმოუდგენლად უფრო მარტივი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ახლა არ გვჭირდება იატაკქვეშეთა ორგანიზაციის წევრობა, საიდუმლო შეკრებები, იარაღის შოვნა, საზღვრის მალულად გადაკვეთა – იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ, დიდი ხნით არ მოწყდეს ბუნებრივი განვითარების გზას.
გვჭირდება ეს: გავიდეთ სახლიდან, მივიდეთ საარჩევნო უბანზე და გავაფერადოთ სასურველი პარტია.
ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნები არ გახდეს ბოლო არჩევნები საქართველოში. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გოგიტა ფაღავას, ვალიკო ჯუღელის, გაბო ცისკარიშვილის, ნოე ხომერიკის, ბენია ჩხიკვიშვილის და სხვათა და სხვათა ულევთა, დახვრეტილ და ნაწამებ პატრიოტთა მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ და ჩვენი შვილები გადავარჩინოთ რომ არასოდეს, აღარასოდეს არ აცდეს საქართველო დემოკრატიის, კეთილდღეობისა და თანასწორობის გზას.

ავტორი: ნატო ალხაზიშვილი